“შუა დერეფნის” გამტარუნარიანობა 27-დან 48 მლნ. ტონამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა გამოწვევებს მზად დახვდება.
“დღეს რომ ვთქვა, რომ “შუა დერეფნის” გამტარუნარიანობის კუთხით გამოწვევები ძალიან მწვავეა და რაიმეს ვერ ვართმევთ თავს, არ ვიქნები მართალი. საქართველოს პორტებს ჯამურად გამტარუნარიანობა 40 მლნ. ტონა აქვთ. ეს არის სხვადასხვა სახის ტვირთი. გარდა ამისა, დამატებით წელიწადში 185 ათასი კონტეინერის გადამუშავება შეგვიძლია. ეს არის რესურსი, რომელიც ბოლომდე არ არის ათვისებული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ტვირთნაკადის გასამმაგებაა მოსალოდნელი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წელს დასრულდება და გამტარუნარიანობა 27-დან 48 მლნ. ტონამდე გაიზრდება.
შესაბამისად, პიკური ტვირთბრუნვის პირობებში ქვეყანა მზად დახვდება გამოწვევებს. ამის წინაპირობაა ის, რომ საქართველომ 2022 წელს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან ერთად ხელი მოაწერა 5-წლიანი განვითარების საგზაო რუკას, სადაც წლების მიხედვით არის გაწერილი ის პროექტები და ვიწრო ადგილების აღმოფხვრის ღონისძიებები. აღნიშნული კი ქვეყნებში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით აისახება”, - აცხადებს გურამ გურამიშვილი.